|
|
|
სოზარ სუბარი ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტების ცემის ფაქტს მედიის დაშინების მცდელობად აფასებს
სოზარ სუბარი ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტების ლადო ბიჭაშვილისა და იმედა გოგოლაძის ცემის ფაქტს მედიის დაშინების მცდელობად აფასებს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ყოფილმა სახალხო დამცველმა განუცხადა, გორში მას შემდეგ ჩავიდა, რაც "თრიალეთის" დამფუძნებელმა, ბადრი ნანეტაშვილმა და ეროსი კიწმარიშვილმა დაურეკეს და უთხრეს, რომ "თრიალეთის" ჟურნალისტები სცემეს.
"გორში ყველა ტელევიზია იყო, მაგრამ ძეგლის დემონტაჟი არავის გადაუღია. პროცესს კუდ-ის კამერა იღებდა და მასალას ტელევიზიებს აძლევდა. როცა "თრიალეთმა" სცადა გადაღება, ჟურნალისტებს მივარდნენ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული, იარაღიანი პოლიციელები და სცემეს. კამერა წაართვეს და კადრები წაუშალეს. მოგვიანებით კამერა ვლადიმერ ჯუღელმა დააბრუნა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეიძლება, შემთხვევითმა გამვლელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, არ ვიცი ვინ იყვნენო. შემთხვევითი ადამიანები როგორ იქნებოდნენ, მათ იარაღები ჰქონდათ. ბოლოს უთქვამს ჯუღელს რომ მათ დავსჯიო~,-განაცხადა სუბარმა.
გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი წუხელ, შუაღამისას განხორციელდა. ძეგლს სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანენ. გორის ცენტრში კი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი აშენდება.
"InterPressNews"






