თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე
თავდასხმა მოხდა. სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი
ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა
, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან
ინტერვიუებს იღებდნენ, რა დროსაც მათ უცნობმა პირმა სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა.მომხდარს სპეციალური განცხადებით ეხმაურება
შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება აეროპორტში დამონტაჟებული
კამერების ჩანაწერსაც ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ
მიმდინარე წლის 19 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას
შემდეგ რაც ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა
პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორს
მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
წავიდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი მას
დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.სამართალდამცველებმა
ინციდენტში მონაწილე პირები უკვე დაკითხეს. ტელეკომპანიის ოპერატორს
და ერთ-ერთ თავდამსხმელს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
საქმეზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს.