ჩვენება მისცა მაია რჩეულიშვილმა, რომელსაც თანხის გაფლანგვას ედავებიან. ბრალდება 7-11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულები არიან - ბათუმის პროექტის ხელმძღვანელი პირები. რჩეულიშვილები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ . მაგნოლიას სამშენებლო საქმეს - მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნეს.
მაია რჩეულიშვილმა ირაკლი
მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი
ფულადი თანხა 19 740 845 ლარი
ეს არის თანხის ნაწილი, რომლის გაფლანგვასაც საგამოძიებო უწყება
რჩეულიშვილებს და მათი კომპანიის აჭარის ფილიალის მენეჯმენტს
ედავება.
მითვისებული მილიონები და
დაუსრულებელი მშენებლობა - ბათუმის „თეთრი მაგნოლია“ ცენტრ
პოინტის ყველაზე სკანდალურ პროექტად იქცა.
„2005 წლის 2 მაისიდან - 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში
მოქალაქეებისგან მოზიდულ იქნა ფულადი სახსრები 64 219 606 ლარის
ოდენობით. თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის
მშენებლობას“,-აცხადებს პროკურორი კოკა კაციტაძე.
ბრალდების ადრესატები აცხადებენ, რომ მაგნოლიას პროექტის
შემთხვევაში ყველა ვალდებულება შეასრულეს და სამართლებრივი დევნის
დაწყება გაუგებარია.
განსხვავებული აღმოჩნდა რეალობა - არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო, სამშენებლო ხარვეზები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებზეც მაგნოლიაში მცხოვრებლები საუბრობენ.
რაც შეეხება ცენტრ პოინტის სხვა პროექტებს, რჩეულიშვილების
განმარტებით, მშენებლობები იმის გამო შეჩერდა, რომ მენაშენეებმა
თანხების შეტანა შეწყვიტეს.
„ბათუმის მაგნოლია არის ჩემი შპს
და მეუბნებიან, რომ აღებულია თანხები. ჩემი შპს-დან რასაკვირველია, თუ
იყო მოგება, აღებული იქნებოდა თანხები და რასაკვირველია, მოგება
იქნებოდა“,-აცხადებს მაია რჩეულიშვილი.
ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, სადაც ხალხმა ფული გადაიხადა,
ყველა მშენებლობა დამთავრებულია, სადაც არ შემოიტანეს ფული, ყველა
დაუმთავრებელია.
მაია რჩეულიშვილს ბათუმის მაგნოლიას საქმეზე ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.
პარალელურად საგამოძიებო უწყებასთან „ცენტრ- პოინტის“ თბილისის პროექტების დაზარალებულებმა აქცია გამართეს.
ვახტანგ რჩეულიშვილსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
ვახტანგ რჩეულიშვილმა დაზარალებულ მენაშენეებს უპასუხა, რომ ისინი კონკრეტული ძალების მიერ არიან მართული. ამ განცხადებამ თბილისის პროკურატურასთან შეკრებილების უკმაყოფილება გამოიწვია და ვითარება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მაგნოლიას საქმეზე უკვე დააკავეს „ცენტრ- პოინტის“ აჭარის პროექტის
დირექტორი და გაყიდვების მენეჯერი.
მათაც იგივე ბრალდება წაუყენეს, რაც მაია და გურამ რჩეულიშვილებს. ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ზეგ იმსჯელებს.
მაია და გურამ რჩეულიშვილებისთვის, ასევე ირაკლი მინდელისა და სალომე ჩარკვიანისთვის წაყენებული ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.