სიახლეები
ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
მოკლულია 4 ადამიანი, ტრაგედია ვაჩიანში წუხელ მოხდა- მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი ორი საათის წინ დააკავეს

ს.სოფელში სამართალდაცველები ამ დრომდე იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ქურდობის მიზნით მოხდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც, ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

„ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა“, - აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს.

შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შსს-ში განმარტავენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Print