სიახლეები
ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტი
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო.

2016 წლის 14 ივლისს, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) ერთხმად მიიღო. მომდევნო ეტაპზე რეზოლუციას კენჭს უყრიან 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონგრესის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონგრესმენთა უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, რეზოლუცია საბოლოო სახით დამტკიცდება.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. საერთო ჯამში, რეზოლუციას ჰყავს 31 თანასპონსორი - წარმომადგენელთა პალატის როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი წევრები.

რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.

წარმომადგენელთა პალატა არ აღიარებს ძალის გამოყენებით მიღწეულ ტერიტორიულ ცვლილებებს. კონგრესმენებმა რუსეთის აგრესია ერთხმად დაგმეს და ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

კონგრესში კრემლს ასევე ურჩიეს, რომ გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობის გადაწყვეტილება. კანონმდებლებმა რუსეთს 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენაც მოუწოდეს.

Print