სიახლეები
რა ხდება ნიცაში
მორიგი მასშტაბური ტრაგედია   საფრანგეთში: პარიზის შემდეგ - ნიცა.

მომხდარმა მსოფლიო კიდევ ერთხელ შეძრა. დაღუპულია 80-ზე მეტი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საზარელი შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა.

ზღვისპირა ქალაქში მოქალაქეები ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ქვეყანა გლოვობს. ტრაგიკული ღამის ქრონოლოგია :

საზარელი ტერორისტული აქტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. მაშინ, როცა მოსახლეობა ქუჩებში იყო გამოსული და ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა.

დამნაშავე, სატვირთო ავტომობილით ხალხში შეიჭრა. თვითმხილველების იხსენებენ, რომ მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაესრისა.

ტერორისტმა ხახმრავალ ადგილზე  დაახლოებით 2 კილომეტრი  გაიარა.  შემდეგ  სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. მსხვერპლიდან უმეტესობა სწორედ ამ სროლებს შეეწირა.

მასობრივი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში  ადგილზე  სამართალდამცველები მივიდნენ. თავდასხმელი ადგილზე მოკლეს.

თანამზრახველების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სატვირთო მანქანაში კი დიდი რაოდენობით იარაღი და  ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩნდა.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ქალაქი პანიკამ მოიცვა.    მოსახლეობა გაქცევას და უსაფრთხო თავშესაფრის პოვნას ცდილობდა.

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს. ტრაგიკული ღამის შემდეგ ნიცაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ ზღვრამდე აწიეს. ქვეყნის პრეზიდენტმა კი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. ფრანსულა ოლანდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ტრაგედიის ადგილზეც ჩავიდა.

ნიცაში მომხდარი საზარელი შემთხვევა მსოფლიო მედიის მთავარი თემაა. მასობრივი მკვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში პრაქტიკულად პირდაპირ რეჟიმში ვრცელდებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. მსოფლიო ლიდერები მომხდარს გმობენ და ტერორისტულ სამყაროსთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების აუცილებლობაზე საუბრობენ.

პარიზსა და ნიცაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.  დღეს მთელი მსოფლიო საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს.

ქვეყნის დროშის ფერებში განათდა შენობები და ცნობილი ობიექტები  სხვადასხვა ქვეყნებში. სოლიდარობის აქცია თბილისშიც ჩატარდა.

Print