სიახლეები
StartUp Georgia-ში 726 განაცხადი შევიდა

 

სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 726 განაცხადია წარდგენილი,

მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 146.

წარდგენილ ბიზნეს პროექტებს, "სილიკონის ველის" ექსპერტები, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ, ორი კვირის განმავლობაში განიხილავენ.

საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ, პირისპირ წარდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი ტექნოლოგიური ბიზნესიდეა.

ინოვაციების კომპონენტში მიღებული განაცხადების შერჩევა უკვე დაწყებულია და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

განაცხადები შესულია შემდეგი დარგებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, ბიო ტექნოლოგიები, და ელექტრონული სწავლება. სტარტაპების პროგრამის პირველი ეტაპის შედეგები დღეს ეკონომიკის მინისრტმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეაჯამა. სექტემბერში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია.

რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.

 

Print