იოგურტს ვარგისიანობის ვადა 2 თვის წინ გაუვიდა, თუმცა ის მომხმარებელმა გუშინ მაღაზიაში სხვა პროდუქტებთან ერთად 2 ლარად და 90 თეთრად შეიძინა.
„ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევა ქსელურ და ბრენდირებულ მარკეტებშიც, დამავიწყდა რომ დამეხედა ყიდვის დროს თარიღისთვის, სანამ გავხსნიდი დავხედე და ვნახე რომ ივნისში აქვს ვადა გასული“- ამბობს მაესტროსთან მომხმარებელი .
მან ვადაგასული იოგურტი, წერეთლის 110 ნომერში მდებარე მაღაზიაში შეიძინა.
ჩვენ აღნიშნული ფაქტი მაღაზიაშიც გადავამოწმეთ. გამყიდველი ამბობს, რომ შემთხვევით გაყიდა ვადაგასული პროდუქტი და მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
ვადაგასული პროდუქტის მიღებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის ჯანმრთელობას, გვიხსნის საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე და განმარტავს, რომ ვადაგასული პროდუქციის გავრცელება საქართველოს კანონმდებლობითაც აკრძალულია.
აკვირდებიან თუ არა პროდუქტის შერჩევისას ვარგისიანობის ვადას და რამდენად ხშირად უყიდიათ ვადაგასული პროდუქტი? კონტაქტმა ამ კითხვით თბილისის რამდენიმე მცხოვრებს მიმართა.
მარინა არაბული თბილისის მცხოვრები: „ვიყდე მაიონეზი და მქონდა სერიოზული მოწამვლა ისეთი, რომ დამჭირდა გადასხმები. მე, რასაც ქვია გადავრჩი, დამჭირდა სერიოზული მკურნალობა“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე ამბობს, რომ ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები წლების მიხედვით კლებადია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გადაამოწმებენ მაღზიას სადაც, მომხმარებელმა ვადაგასული იოგურტი შეიძინა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზია 500 ლარით დაჯარიმდება.