საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ნინიკაშვილი, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე, კომპანიების „მანგანუმ სერვისის“, „მარსის“ და „მარსი 2014“-ის სახელით, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის პროცესში, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.