საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია.
მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა. სახელმწიფო მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში. თავის მხრივ, ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე.