საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე, მოწვეულ
სტუმრებს შორის იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ
-ვალტერ შტაინმაიერი.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე, მოწვეულ
სტუმრებს შორის იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ
-ვალტერ შტაინმაიერი.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე, მოწვეულ
სტუმრებს შორის იყო გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი
ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე
საზოგადოებას.
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრის განცხადებით,
გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს და
თანამშრომლობას მთელი გულით უჭერს მხარს. ვალტერ შტაინმაიერი
მიიჩნევს, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა დავალება
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს
საქართველოსთან მიმართებაში. მე მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სურთ, მას შემდეგ რაც ის სავალდებულო
ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი საქართველოდან ელოდა, საქართველომ
შეასრულა. მე მტკიცედ მჯერა და ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, მე
მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა შეგვიძლია და ჩვენი
ორივე ქვეყნის ხალხისთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ
მანამდე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩვენი სიმტკიცე, გულმოდგინე შრომა და
ერთად დადგომა. ამის გამოხატულებაა ბოლო 2-3 კვირის ჩვენი ინტენსიური
დიალოგი, რაც თავის მხრივ ჩვენი ახლო, კონსტრუქციული ურთიერთბების
გაგრძელებაა და მიზნად ისახავს არსებული საკითხების გადაჭრის გზების
პოვნას. გერმანიისა და საქართველოს ერთად დგომის გამოხატულებაა ის,
რომ ჩვენ დღეს ერთად ვზეიმობთ საქართველოს ნაციონალურ
დღესასწაულს,”-აღნიშნა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა.
შტაინმაიერის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25-ე
წლისთავზე, ევროპასთან დაახლოების კუთხით, საქართველომ შეძლო და
განახორციელა ძალიან ამბიციური რეფორმები.
“მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და ქართველებს შეუძლიათ იამაყონ, არა
მხოლოდ დამოუკიდებლობით, არამედ ქართულ ენის, ლიტერატურისა და
ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. ასევე იმ შედეგით, რაც
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზე ევროპასთან დაახლოებისა და
თანამშრომლობის კუთხით იქნა მიღწეული, და ასევე ძალიან ამბიციური შიდა
რეფორმებით რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში
განახორციელა. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, მინდა
გითხრათ, რომ გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესსა და
თანამშრომლობას მომავალშიც მთელი გულით დაუჭერს მხარს. ისევე როგორც,
და ჩვენ ამაზე დღეს შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ, რასაკვირველია მხარს
ვუჭერთ არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ უპირველეს
ყოვლისა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რასაკვირველია
დღევანდელი შეხვედრის დროს ჩვენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან
დაკავშირებულ კონფლიქტებზეც ვისაუბრეთ,”-განმარტა ფრანკ -ვალტერ
შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ძალიან მყარ
ფუნდამენტზე დგას, რაც აუცილებელია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად,
რის წინაშეც დგას ორივე ქვეყანა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა
გადაუხადა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს
მხარდაჭერისა და გულთბილი მიღებისთვის. მანვე ხაზი გაუსვა
საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და
იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის მხარდაჭერა მომავალშიც
გაგრძელდება.
“გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა
საქართველოს დამოუკიდებლობა. უფრო მეტიც, გერმანია იყო პირველი
სახელმწიფო, რომელმაც საელჩო გახსნა თბილისში 1992 წლის აპრილში და ეს
მისია შეასრულა გერმანიის ერთ-ერთმა ბრწყინვალე მოღვაწემ ჰანს-დიტრიხ
გენშერმა, რომელმაც დახმარება გაუწია ახლად შობილ სახელმწიფოს პირველი
დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმაში სახელმწიფოებრიობის გზაზე. მას
შემდეგ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას,
სუვერენიტეტსა და, რაც მთავარია, ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძალიან
მადლიერნი ვართ ამისთვის. გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი
ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ფუნდამენტურია ჩვენთვის,
რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
დღის წესრიგის განხორციელებას,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას დიპლომატები, ბიზნესისა
და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.