კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ხედვა არის ევროპა
ბათუმი მაღალი დონის ღონისძიებების პლატფორმად იქცა

დღეს რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს  სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ  მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ნამდვილ ევროპულ ქალაქში-ბათუმში ტარდება, რომელიც უძველესი დროიდან მდებარეობდა ბერძნული, რომაული და ოსმალური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე.

"საქართველო არის ევროპა"- ამ გზავნილით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორია სამუდამოდ არის დაკავშირებული ევროპასთან.

"რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ჩვენ ეს კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ აქვთ ქართველებს მტკიცედ გადაწყვეტილი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მეტის გაკეთებაც, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დამეთანხმებით, ჩვენი წინსვლა შთამბეჭდავია. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზაზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი რეფორმების გზამკვლევი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტის, მომხმარებელთა დაცვისა და ბევრ სხვა სფეროს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ჩვენი სამართლებრივი და საარჩევნო სისტემების ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა, რაც დაადასტურეს კიდეც ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე 1 ივლისს, ჩვენ შევასრულეთ და  დავნერგეთ მისი ბევრი დებულება,"-აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, საქართველო მთელი სერიოზულობით ეკიდება ევროკავშირში გაწევრების საკითხს. პრემიერმა მისასალმებელი უწოდა  ევროსაბჭოს მიერ ორი კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, სექტემბრის შუა რიცხვებში სპეციალური შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც განხილული იქნება ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე.

"ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კარგად გააცნობიერონ, რომ საქართველოს მიზანმიმართულება და შემართება ევროპასთან დაკავშირებით არის არა ახალი თავის ტკივილი ევროპისთვის, არამედ ნათელი დემონსტრირება ყველაფრისა, რაც კარგია ევროკავშირში. საქართველოს სურვილი არ არის, თავს მოახვიოს ევროკავშირს ახალი სატკივარი. პირიქით, საქართველო არის სხვაგან გაჩენილი სატკივარის მკურნალი სალბუნი. ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, რომ შეიძლება მოიძებნოს ჩვენი უნიკალური ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოს მხრიდან მათი გაზიარების მგზნებარე სურვილზე უკეთესი არგუმენტი. ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ევროკავშირი არ უნდა ჩაიკეტოს თავის თავში, არ უნდა დაიხარჯოს ტრავმებზე ფიქრში და ამით უგულებელყოს თავისი სხეულის ჯანმრთელი ნაწილები. შესაბამისად, გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ საქართველოს მიღების პროცესი დასრულდება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ადგილი ნატოს აქტიური წევრების რიგშია. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდნარე რეფორმების დღის წესრიგს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

"ამა წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მოსალოდნელია, რომ კონკურენცია უკომპრომისო იქნება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ თავისუფალი საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და ამ წარმატებულ ციკლს დააგვირგვინებს მომავალი საპარლამენტო არჩევნები,"-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლზე რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე.

"განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მდგომარეობა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობა ორივე რეგიონში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე, რის გამოც ის ვერ ახორციელებს თავის მანდატს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ეუთოს სრულფასოვანი ფუნქციონირება საქართველოში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო  მომავალშიც არ დავიშურებს ძალ-ღონეს, რათა აღადგინოს ნდობა, ხელი შევუწყოს შერიგების პროცესს და ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებების ერთ ქვეყანად გაერთიანებას.

გამოსვლის დასასრულს პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს ევროპის მომავლის შესახებ მოსაზრებები გააცნო.

"აი, ევროპა, როგორც ჩვენ მას ვხედავთ, ევროპა, რომლის შესანარჩუნებლად ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ: ევროპა, რომელიც არის ღია, ტოლერანტული და აქტუალური მოქალაქეთათვის; თავდაჯერებული და, ამავე დროს, თავმდაბალი ევროპა; ევროპა გამყოფი კედლებისა და ბარიერების გარეშე; ევროპა, რომელიც მუშაობს თავისი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს სხვა კუთხეებში. ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა",-აღნიშნა პრემიერმა.

მე-13 საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერიმ. კონფერენციის გახსნას დაესწრნენ: ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობისწევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება ტარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute).

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები