საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების
საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
საგარეო უწყება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარ ტერორისტულ
აქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დაშავებულთა და
გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ
არიან.
„18 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამი ტერორისტული აქტი
განხორციელდა. ბითლისის, ვანისა და ელაზიგის პროვინციებში მომხდარი
აფეთქებების შედეგად საერთო ჯამში დაიღუპა 10 და დაშავდა 200-ზე მეტი
ადამიანი.
ქ. ელაზიგში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდგომ პროვინციაში ჩავიდა
ქვეყნის პრემიერი, ბინალი ილდირიმი, რომელმაც განაცხადა, რომ
მომხდარის გამო შესაბამისი უწყებების ქვედანაყოფებში გამოცხადებულია
განგაში, რის შედეგადაც განგაშის დონე ერთი საფეხურით არის
გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა
შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც
ანკარაში, საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ
საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში.
საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან.
სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის
შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას“, - ნათქვამია საგარეო
უწყების განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომრებსაც
აქვეყნებს.
„ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და
საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში
მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541
326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00
(სტამბოლი).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში
ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის
განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00
საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში“, -
აღნიშნულია უწყების განცხადებაში.