რთული ვითარებაა თურქეთის მეზობელ
სირიაშიც.
საერთაშორისო თანამეგობრობის
მცდელობის მიუხედავად, სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას
შორის დაპირისპირება გრძელდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ორ
ნაწილად გაყოფილ ალეპოში. ამ ომში ყველაზე მეტად ბავშვები და
მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.
5 წლის ალეპოელი ბიჭის ისტორიამ
მსოფლიო შეძრა, ემოციურმა ფოტოებმა კი სოციალური ქსელი მოიარა. ომრან
დაქნეში, რომელიც ალეპოში საჰაერო იერიშისას დაშავდა, მსოფლიომ ერთ
დღეში გაიცნო. მას გაუმართლა. ის გადარჩა.
10 წლის ალი დაქნეში, ის ომრანის უფროსი ძმაა.
ალი დაბომბვისას დაშავდა. თუმცა, საავადმყოფოში,
სიცოცხლისთვის 3 დღიანი ბრძოლის მიუხედავად ალი გარდაიცვალა.
ალი დაქნეშის მსგავსად, სირიაში ბავშვები ყოველდღიურად იღუპებიან.
თუმცა, ყველა მათგანი საერთაშორისო მედიის ობიექტივში ვერ ხვდება.
დღეს ომის შვილები- უცნობი ბავშვები, უცნობი ისტორიებით მხოლოდ
სტატისტიკაა. ასეთი კი სირიაში, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 15
ათასამდე ბავშვია.