სიახლეები
პეტიცია დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით
კონტროლის
პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი ქაშუეთის წმინდა
გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს.
სამოქალქო პანაშვიდი უკვე დაიწყო.
ასევე ვრცელდება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის წამებაში
მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია:
"ქართული საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს უცხოეთში გარდაცვლილ
სულხან მოლაშვილს. ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილია იმ მძიმე სულიერი
და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტი რეჟიმის დამნაშავე
წარმომადგენლების ხელით განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს.
სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს
საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი.
ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში სწორედ სულხანმა
გვიჩვენა ბოროტებასა და ჯალათობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი.
არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ
უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებს გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და
საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს
მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს", -
ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილი
ადამიანები აწერენ.
სულხან მოლაშვილის ცხედარს, ხვალ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე
დაკრძალავენ.
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი 46 წლის ასაკში 29 ივნისს
გარდაიცვალა.