ნახევარსაათიანი
დისკუსია ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან და შეხვედრა პარლამენტის
თავმჯდომარესთან - ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი
ასე დაასრულა.
გაჟღერდა კონკრეტული მესიჯები და გზავნილები. ყურადღება გამახვილდა
ამერიკასთან თავდაცვის სფეროში გაფორმებულ შეთანხმებაზეც.
"მე ასევე შევახსენე კერის, რომ მისი კოლეგა ჰეიგელი თავდაცვის
მინისტრი როდესაც ჩვენთან ჩამოსული იყო სტუმრად და მე ვმასპინძლობდი,
შეთანხმებები იქნა მიღწეული, რომლის რეალიზაციას აუცილებლად კერიც და
ადმინისტრაციაც მხარს დაუჭერენ" -აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“
ლიდერი, ირაკლი ალასანია.
დისკუსიაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, შეთანხმდნენ, რომ უნდა
ჩატარდეს სამართლიანი და თანასწორი არჩევნები.
" ქართული დემოკრატიის გაძლიერების კუთხითაც სიგნალები ჩვენი
ამერიკელი პარტნიორებისგან არის აბსოლუტურად მკაფიო და იმედი მაქვს,
საქართველოს ხელისუფლება ამ სიგნალებს შეისმენს",- განაცხადა დავით
ბაქრაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა ჯონ კერის საარჩევნო ქცევის კოდექსის იდეაც
გაუზიარეს.
ვიქტორ დოლიძე: "სამართლიანი, სწორი, ევროპული არჩევნების ჩატარებაზე
აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება
ხელისუფლებას. სწორედ ის წერია საარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებულ
ქცევის კოდექსში, რომელიც შევთავაზეთ ჩვენ, თავისუფალმა დემოკრატებმა,
რაც სახელმწიფო მდივნის მიერ აღქმული იქნა ძალიან დადებითად",-
განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ჯონ კერისთან შეხვედრის მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ ამერიკისთვის
სენსიტიური საკითხი მედიის თავისუფლებაა, განსაკუთრებით მოახლოებული
არჩევნების წინ.
"ეს სახელმწიფო მდივნის ან ამერიკის თავსმოხვეული პოზიცია კი არ არის,
ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც უჭერს მხარს ჩვენმი
მეგობარი შეერთებული შტატები. ჩვენი ხალხის არჩევანია, რომ ქვეყანა
იყოს დასავლური დემოკრატია" ,-აცხადებს გიგა ბოკერია
დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ჯონ კერის არამხოლოდ პარლამენტის
თავმჯდომარის რანგში, არამედ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის
სტატუსითაც შეხვდა.
"გარკვეულწილად სიმბოლური იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების
დემოკრატიული პარტიის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
წარმომადგენელს შეხვდა. ჩვენ ამ თემებზეც ვისაუბრეთ. შიდა და
საქართველოში და აშშ-ში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ რომ ორივე
ქვეყანაში სერიოზული პროცესებია - არჩევნებია. მე მას ამერიკაშვი
ვუსურვე დემოკრატებს წარმატებები - მან საქართველოში რესპუბლიკელებს
გვისურვა წარმატებები"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ეს იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის რანგში ჯონ კერის პირველი
ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. კერი საქართველოს პირველად 2008 წელს
სენატორის რანგში ესტუმრა...