თამარ
სანიკიძის დაბრუნება- განათლების მოქმედი მინისტრი წინამორბედს
სამინიტროში დაბრუნებას სთავაზობს.
თამარ
სანიკიძის გზა ისევ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსკენ მიდის.
ყოფილმა მინისტრმა არჩევანი უნდა გააკეთოს: განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი ან საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა.
შეთავაზების ავტორი მოქმედი მინისტრია.
„რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც თამარისნაირი წონა და
გამოცდილება მნიშვნელოვანია. რამდენიმე საკითხის განხილვა მქონდა
თამართან. მათ შორის იყო საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. როცა
გეუბნებით, რომ ფულის საკითხი მიჭირს, მანდ რომ მყავდეს ვინმე ძალიან
მაგარი, ავშენდები, რადგან დავკონცენტრირდები სხვა საკითხებზე. მეორე
არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის
პოზიცია. ამ ორ პოზიციას ვიხილავდით ქალბატონ თამართან ერთად. იმედი
მაქვს, ერთ კვირაში გადავწყვეტთ, რა ვქნათ ან აქეთ ან იქით“, -
განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების ყოფილი მინისტრი მოლაპარაკებების მიმდინარეობას
ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გადაწყვეტილებას ყოფილი და მოქმედი მინისტრი მომდევნო კვირაში
ერთდროულად გაასაჯაროებენ. თუ სანიკიძე განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრს აირჩევს, მოქმედი ხელმძღვანელი მინისტრის
მოადგილეობას შეითავსებს.
წინამორბედის დასაქმების გარდა, ახალი მინისტრი უწყების
რეფორმირებაზეც ფიქრობს. ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურის სამსახურის
რებრენდინგს გეგმავს და სახელწოდების ცვლილებისთვის კონკურსის
გამოცხადებას აპირებს.
მინისტრის მოსაზრებით, მანდატურები პოზიტიურები უნდა იყვნენ და
შიშს არ უნდა იწვევდნენ. აქვე, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს
მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა დაიწყო.
მანდატურებს აშკარად სჭირდება რებრენდინგი. მე მანდატური მომწონს,
მიმაჩნია, რომ უნდა იყოს. კომაროვში პირველი მანდატურის მოსვლას
მოვესწარი. ეს იყო ჩაფიქრებული, როგორც ბუა. ბუა და პოლიციელი იყო
ბავშვისთვის, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ბუა და პოლიციელი
იყო მასწავლებლისთვის, რაც ჩაგვრის ელემენტია, რომ „შენ გაჩვენებ
სეირს“. ბუა და პოლიციელი იყო დირექტორისთვის. პირველი 20 მანდატური
სკოლის დირექტორი გახდა, ასე მითხრეს, არ ვიცი, გადაამოწმეთ. თუა
ასეა, ნიშნავს, რომ მივიდა ტიპი, ძირი გამოუთხარა, სკამს ფეხი
მოუხერხა და დაჯდა. 21-ე დირექტორი რას გრძნობს, ხომ წარმოგიდგენიათ?“
- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ახლა გაფორმებული არის სამმხრივი ხელშეკრულება,
მანდატური კოორდინაციაშია დირექტორთან, გახდა თანამშრომელი, რაც
პოზიტიურია.
„მაგრამ ბუას იმიჯი, თუნდაც ფორმა, რომელიც პოლიციისას ჰგავს,
დარჩა. სიტყვა მანდატური ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ასეთი
უცხო სიტყვა რომ შემოგაქვს, კომენდანტის „ბიძაშვილი იქნება“. მე რომ
მომახერხებინა მანდატურს პარალელურად მიჰყავდეს რაიმე წრე, მაგალითად,
საგზაო უსაფრთხოება, ბავშვებთან მეგობრობა დამყარდება“, - განაცხადა
ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მან კიდევ ერთი მიზეზი განმარტა, რის გამოც სამსახურის რებრენდინგი
სურს. მისი თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური კონსულტაციის
გაცემა დაიწყო. მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგთან ვიზიტი უცნაურად
ჟღერს.
მანდატურის სამსახურის გარდაქმნას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.
რაც შეეხება განათლების ყოფილი მინისტრის სამინისტროში დაბრუნებას,
დროც და პოზიციაც მომდევნო კვირას დაზუსტდება.