სამართლის მაძიებელი მენაშენეები და
თაღლითობაში ბრალდებული ბიზნესმენი დები.
ცენტრ-პოინტის საქმის განხილვა
გრძელდება. ამჯერად სასამართლო პროცესი თაბუკაშვილის 88 ნომრის
ეპიზოდზე გაიმართა. დღეს პროკურატურის 10 მოწმე დაიკითხა.
ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი,რუსუდან კერვალიშვილი და
„დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია.
სამივე მათგანს თაღლითობას
ედავებიან. სასამართლო პროცესებს ესწრებიან დაზარალებული მენაშენეებიც
- ისინი რჩეულიშვილების დაპატიმრებას ითხოვენ. აღადგენს თუ არა
ცენტ-პოინტის დამფუძნებლების დაპატიმრება სამართლიანობას?
"მხოლოდ მოხარული
ვიქნები, რომ პატიმრობაში ვიყო მე"-აცხადებს „ცენტრ-პოინტის“
ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილი.
რუსუდან კერვალიშვილს,
„ცენტრ-პოინტის“ ვალდებულებების შესასრულებლად, მისი დის
გათავისუფლება აუცილებელ პირობად მიაჩნია. იგი საგამოძიებო ორგანოს,
მისი დაპატიმრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.
რუსუდან კერვალიშვილი:
"მაია ცდილობდა ადამიანებისთვის მიეცა ის, რისი ვალდებულებაც
ერთი წამი თავიდან არ აგვიცილებია“.
რჩეულიშვილების ამ
მცდელობაში თაღლითობისა და თანხის მითვისების ნიშნებს ხედავს
პროკურატურა. საუბარია 11 მილიონი ლარის დაუსაბუთებელ
ხარჯვაზე.
დავით გუმბერიძე - პროკურორი: „დაიკითხა 10 მოწმე, რომლებმაც
დაადასტურეს, რომ „ცენტრ პოინტი“-ის ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ
ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მათ მიადგათ დიდი
ოდენობით მატერიალური ზიანი“
„ცენტრ-პოინტის“ მენეჯმენტი მშენებლობების გაჭიანურებას, სახელმწიფოს
მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ხსნის. საუბარია
კანონზე, რომელიც 2015 წლიდან ამოქმედდა.
კანონის თანახმად, სამშენებლო
კომპანიები, რომლებსაც 2008 წლის ომისა და კრიზისის გამო ზიანი
მიადგათ, დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდნენ და გადახდილი თანხა
უკან უნდა დაბრუნებოდათ. კომპანიებმა ამ შეღავათის სანაცვლოდ
ობიექტები 2018 წლამდე უნდა დაასრულონ.
„ცენტრ-პოინტი“ 20 მილიონამდე
ლარს ითხოვს და ყველა ვალდებულების გასტუმრების პირობას
დებს.
მარიკა ცუცქირიძე - ცენტრ-პოინტის
იურისტი: „თუ ეს ასე გაგრძელდა, და ქალბატონი მაია
იზოლირებული იქნება საზოგადოებისგან, მაშინ არ ვიცი რა ეშველება ამ
დაზარალებულებს ნამდვილად და სამართლებრივად როგორ უნდა მოხდეს მათი
მოთხოვნების დაკმაყოფილება“.
ფინანსთა სამინისტროში დღგ-ს
დაბრუნების თაობაზე რჩეულიშვილების მოთხოვნას უპასუხეს და
ოჯახს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება
ურჩიეს.
უწყებაში უარყოფენ
„ცენტრ-პოინტისთვის“ დასაბრუნებელ ვალს და ამბობენ, რომ კომპანიას,
პირიქით სახელმწიფოს ვალი 61 მილიონი ლარი აქვს.
„ფინანსთა სამინისტრო
მოუწოდებს „ცენტრ პოინტის“ მფლობელებს, საზოგადოებას
მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია კომპანიის ფინანსური
მდგომარეობის შესახებ, ან გასცენ წერილობითი თანხმობა, რათა
საგადასახადო ორგანომ ეს ინფორმაცია გახადოს
საჯარო“
„ცენტრ-პოინტის“ ლაბირინთებმა
რჩეულიშვილები ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირებამდეც
მიიყვანა. იურისტი, კომპანიის ფინანსური პრობლემების
გამწვავებაში ზურაბ ადეიშვილის და გიგი უგულავას კვალსაც ხედავს.
საუბარია სამშენებლო პროექტების „დექსუსისთვის“
გადაცემაზე.
ლალი ჩოდრიშვილი - „ცენტრ-პოინტის
იურისტი: „სამწუხაროდ ეს იყო რაღაც იძულებითი ნაბიჯი. ეს არ
იყო ცენტრ-პოინტის დამფუძნებლების გადაწყვეტილება ნებით, ასე ვთქვათ.
სავარაუდოდ ეს იყო ადეიშვილის, უგულავას და ასე შემდეგ, ჩვენი
ინფორმაციით.
დააკმაყოფილებს თუ არა მაია
რჩეულიშვილის დაპატიმრება დაზარალებულ ათასობით ოჯახს? - მენაშენეების
ნაწილი პასუხობს, რომ მშენებლობების გაგრძელების სადავეებს
თავად გადაიბარებენ, ნაწილი კი ამბობს, რომ კომპენსაცია
რჩეულიშვილების კუთვნილი ქონების გასხვისების გზით უნდა მიიღონ.
მორიგი სასამართლო პროცესი 26 ივლისს ჩაინიშნა.