21 გახმაურებული საქმე საიას
ანგარიშში
. დოკუმენტის ავტორების აზრით,
უმეტესობაზე გამოძიება ბოლომდე მისული არ არის და შესაბამისად,
დამნაშავეებიც არ დასჯილან. იურისტები ფიქრობენ, უფლებამოსილების
გადამეტების ან ძალადობის ფაქტების გამო მომჩივანი მოქალაქეები ხშირ
შემთხვევაში თვითონ ხდებიან სამართლებრივი დევნის
მსხვერპლნი.
არასამთავრობოები ხელისუფლებას
ინიციატივას სთავაზობენ, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო
დანაშაულებს ობიექტურად გამოიძიებს.
ანგარიშში განხილული ყველა საქმე
2013 წლიდან დღემდე პერიოდშია მომხდარი.
აქედან 19 ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე
სამართალდამცველებს. უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, სასურველი
ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები,
ცემის ფაქტები - ეს არის მცირე ჩამონათვალი პრობლემების
ანალიზიდან.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საქმე
გვაქვს მოქალაქეების გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობებთან.
ანგარიშში მოხვდა მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების
გახმაურებული საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს
პროკურატურის ვერსიის არ სჯერა, ამჟამად საქმეზე ძიება
შეწყვეტილია. ამავე საქმის გამოძიების ობიექტურობასთან კითხვები
ჰქონდა სახალხო დამცველსაც.
არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ სამართალდამცველების მიერ
ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება ჭიანურდება ან ხარვეზებს
შეიცავს. ამიტომ, შემთხვევების ობიექტურად გამოსაძიებლად სპეციალური
დამოუკიდებელი ორგანო უნდა შიქმნას. საკანონმდებლო წინადადება
ხელისუფლებას უკვე შესთავაზეს, თუმცა საპარლამენტო დონეზე მისი
განხილვა არ დაწყებულა. ამ ინიციატივას მხარს უჭერს სახალხო
დამცველის აპარატი. მმართველი გუნდი თანახმაა მსგავსი უწყების
შექმნაზე, თუმცა გარკვეული დეტალები სადაოა.
საიას კვლევაში ასევე საუბარია, რომ დაზარალებულებს არ მიენიჭათ
შესაბამისი სტატუსი, შესაბამისად ხელი არ
მიუწვდებათ გამოძიებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ასევე პრობლემად
მიაჩნიათ ის ფაქტიც, რომ გამოძიება პოლიცილების იდენტურ ჩვენებებს
ეყრდნობა და სასამართლოს მხრიდან მათი სანდოობა ეჭვის ქვეშ არ
დგება.