სიახლეები
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ გაიხსნა
თბილისში, უმაღლესი კლასის სასტუმრო “ბილთ-მორ თბილისი“ გაიხსნა,
გახსნის საზეიმო
ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა,
არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და
სოციალური განვითარების მინისტრ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ
ნაჰიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის
მეთაურმა, შეიხს საქართველოსთან თბილი მეგობრობისთვის მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი დონის სასტუმროს გახსნა, როგორც
თბილისისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, ძალიან
მნიშვნელოვანია.
„ყოველი ასეთი
პროექტის განხორციელებით ჩვენს ქვეყანაში ჩნდება სულ უფრო მეტი
თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი კლასის
სასტუმრო, გამართული ინფრასტრუქტურა, სასიამოვნო გარემო და, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია, - ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისთვის.
ყოველი ასეთი პროექტი საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ზოგადად
ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას უწყობს ხელს. ეს ,,დაბი ჯგუფის“
უმსხვილესი ინვესტიცია, თუმცა არა პირველი საქართველოში, მაგრამ
ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული
გარემო ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის
კეთებისთვის. სწორედ ამ პოლიტიკის, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებისა
და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო რეგიონში
წამყვანი ქვეყანაა, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით“, -
განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოფიციალური
ცერემონიის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და არაბთა გაერთიანებული
საემიროების შეიხმა სასტუმრო და შენობაში განთავსებული „ტერაბანკის“
ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც ასევე „დაბი ჯგუფის“ ინვესტიციაა.
უმაღლესი კლასის სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა გალა
კონცერტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე
სასტუმროს ფასადზე პროექცირებული იყო 3D შოუ. ღონისძიება გრანდიოზული
ფოიერვერკით დასრულდა.
„ბილთმორი“
ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium
& Copthorne-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნა. „ბილთმორ
თბილისს“ 216 მაღალი კლასის ნომერი აქვს.