საკონსტიტუციო სასამართლოში
შესული უპასუხო სარჩელები და საქმეები, რომლების განხილვაც
წლებია,
იურისტების ნაწილი საკონსტიტუციო
სასამართლოს არაეფექტურ საქმიანობაში ადანაშაულებს. წლების წინ
შეტანილი სარჩელების განხილვა დღემდე არ დაწყებულა და არც ის არის
ცნობილი, რა ვადებში დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს
განაჩენები.
ერთ-ერთი სარჩელი სამართლებრივ
ხარვეზს ეხება - მაგალითისთვის, თუ პირს, პირადი მოხმარებისთვის 70
გრამამდე გამომშრალი მარიხუანა ექნება, საკონსტიტუციოს
გადაწყვეტილებით, მას არასაპატიმრო სასჯელი უნდა მიესაჯოს. თუმცა,
თუკი ამავე პირს 70-გრამამდე ნედლი მარიხუანა აღმოაჩნდება, მას
დააპატიმრებენ. სწორედ ამ ნორმის გასწორებას ითხოვენ იურისტები
საკონსტიტუციო სასამართლოსგან. სარჩელი დაახლოებით 7 თვის წინ შევიდა,
გაუმართავი კანონით დაკავებული მოქალაქე კი საკონსტიტუციოს
გადაწყვეტილების მოლოდინში პატიმრობას იხდის და ციხიდან 8
ოქტომბერს, გათავისუფლდება.
კიდევ ერთი სარჩელი, რომლის
განხილვაც საკონსტიტუციოში იგვიანებს, ირიბი ჩვენების საფუძველზე
პირის დაკავებას ეხება.
საკონსტიტუციოში შესული
ერთ-ერთი გახმაურებული სარჩელი, იური ვაზაგაშვილს ეკუთვნოდა.
იგი 2013 წლიდან, გარდაცვალებამდე, უშედეგოდ ელოდა, რომ მისი შვილის
მიმართ გაკეთებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადება საჯაროდ
უარყოფილიყო. საქმე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ სტუდენტებთან
გაკეთებულ განცხადებას. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ მოკლულ „ზურაბ
ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ეს
ფრაზა-არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააპროტესტეს.
საიას შეფასებით,
სააკაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
ორგანიზაციამ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციოს მიმართა, თუმცა
განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ
საჩივარს პარლამენტიც ეთანხმებოდა, ამიტომ, ვიდრე პაპუაშვილის უწყება
გარდაცვლილი ადამიანების ღირსებისა და პატივის შელახვას
კანონდარღვევად შეაფასებდა, ეს ცვლილება პარლამენტმა
დაამტკიცა.
გიორგი პაპუაშვილის უწყებასთან
პრეტენზიები აქვს ადვოკატ დავით ხომერიკსაც. მისი განცხადებით,
საკონსტიტუციოში გადადებული განხილვების გამო, არაერთი მოქალაქე
უკანონოდ იხდის პატიმრობას.
საკონსტიტუციო სასამართლოში არ
აკონკრეტებენ რა პრინციპით ირჩევა განსახილველი საქმეების რიგითობა და
პრიორიტეტული სარჩელები. იურისტების ნაწილს კი უწყების
ოპერატიულობასთან პრეტენზიები აქვს.