ამერიკელი კონგრესმენები
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურებიან.
კანონმდებლები 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულსა და სამართლიანს უწოდებენ.
ერიკ პოლსენისა და ბილ ქითინგის თქმით, საქართველო დემოკრატიის
ხელშეწყობის მხრივ, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი
ლიდერია.
”ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი და
სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიის მიმართ
მტკიცე ერთგულების დემონსტრირებას“, - ნათქვამია ერიკ პოლსენის
განცხადებაში.
კონგრესმენი ბილ კიტინგი მაღალ
შეფასებას აძლევს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაწეულ
სამუშაოს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობა ქართველი ხალხის ნებას
გამოხატავდეს.
”თავისუფლად და სამართლიანად
ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების
ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან
ლიდერად აქცია“, - წერს ბილ კიტინგი.
ბილ კიტინგი იმედს გამოთქვამს, რომ
საქართველოში არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით
ჩატარდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ლიდერის
პოზიციას.