საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკურ
რეფორმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"მსურს, გამოვეხმაურო დღეს
გაჟღერებულ სრულიად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოს
მთავრობას არა აქვს ერთიანი პოზიცია წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან
დაკავშირებით.
მინდა,
კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების
მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში,
შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ - ეს არის რეფორმების 4
პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი
ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლო გუნდის შეთანხმებული პოზიცია,
რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და
მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად
ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად
მცდელობისა, ვერავინ შეძლებს, ხელი შეგვიშალოს ქვეყნისთვის სასიცოცხლო
მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი
ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის
მიმართული. რაც მთავარია საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ესმით,
რომ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელიც დღეს შეიძლება ბევრისთვის მარტივი არ
იყოს, აუცილებლად მოყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და
უკეთესი მომავალი",-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.