ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ
მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა
დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი კაფე ”ელ ცენტროში” ყოფილ მთავარ
პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის
მომხდარი ინციდენტია. მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან
ერთად იმყოფებოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ არანაირი
დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო
სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს,
რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას
და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ
მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე პირადი
განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია
სრულად მივაწოდე სამართალდამცავებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მოკლე
დროში დასრულდება გამოძიება და წერტილი დაესმება ფაქტის ირგვლივ
არსებულ სპეკულაციებს”, - ნათქვამია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში.
უწყება დამატებით კომენტარს არ ავრცელებს