მართლმადიდებელი
ეკლესია დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს
სულთმოფენობა ოთხ მოძრავ დღესასწაულთა შორისაა და ყოველ წელს
აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება
აღევლინება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორე წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
როგორც არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, აღდგომიდან 50-ე დღეს
მოხდა სულიწმინდის გაცხადება, რასაც მაცხოვარი აღიქვამდა, რომ
გარდამოვიდოდა მოციქულებზე სული წმიდა.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიები ყვავილებითა და
ფოთლებით იფინება და მომდევნო შაბათამდე ეკლესიაში რჩება, შემდეგ კი
მორწმუნეებს ყვავილები შინ მიაქვთ, რადგან ამ ყვავილებს სამკურნალო
ძალა აქვს.
სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს, სახლში, სადაც
მისი მოწაფეები იყვნენ შეკრებილნი, უფლის მიერ აღთქმული სულიწმინდა
ცეცხლის ენებით, ხილულად გადმოვიდა მოციქულებზე. ყოველი მათგანი
სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე
დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ
ენებზე საუბრობდნენ. სულიწმინდის გადმოსვლით მოციქულებზე ენათა ცოდნის
მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და მის სასწაულებზე
ექადაგათ.