საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში
აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს
უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში
აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს
უმასპინძლა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი
დაესწრო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და პარტნიორ
ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო
თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა
ელჩებს, თავდაცვის ატაშეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ნატოს
ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე
ყურადღება მათ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი
შეეხო ასევე, თავდაცვის სამინისტროს ახალ, ოთხწლიან სტრატეგიას,
რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას
ითვალისწინებს. მინისტრმა უცხოელ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული
მიმართულებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული.
„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებთან. მათ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა იმ კურსის
გატარებაში, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია
ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას ცალკეულ ქვეყნებთან.
მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ასევე, შემდგომი ოთხი წლისთვის
ჩვენი ახალი სტრატეგიის შემუშავების მიმართ. ასევე გამოთქვეს
მზადყოფნა, რომ ექსპერტები, მათ შორის, სამხედრო ატაშეები, რომლებიც
აქ არიან წარმოდგენილები, აქტიურად იყვნენ ჩართულები დოკუმენტის
შემუშავებაში. ასე რომ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე
ცალკეული ქვეყნების ექსპერტებთან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ
ვითანამშრომლებთ შემდეგი დღეების განმავლობაში, რათა
ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია თავდაცვისუნარიანობის
ამაღლების მიზნით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელ პირებთან
გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის
სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი
გამოთქვეს.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ახალ მინისტრთან, ბატონ იზორიასთან და
მის მოადგილესთან. კარგია უწყების ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა,
რადგან ამან საშუალება მოგვცა არა მარტო მიგველოცა მისთვის ახალი
თანამდებობა, არამედ, მინისტრისგან პირადად მოგვესმინა სამომავლო
გეგმები და მიდგომები. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს ახალ სტრატეგიაზე არა მხოლოდ
საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციების დონეზე, არამედ,
საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს უცხოელი მეგობრებისა და
პარტნიორების დახმარებით. ასე რომ, ველით საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ ძალიან მნიშვნელოვან
პროცესში. ვფიქრობ, ეს ერთობლივი მუშაობის კიდევ ერთი წინგადადგმული
ნაბიჯი იქნება. რაც შეეხება თურქეთის მხარეს, ჩვენ დავარწმუნეთ
მინისტრი, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება როგორც
ორმხრივ ფორმატში, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
ფარგლებში. თურქეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დიდი
მხარდამჭერია. ჩვენ მხარდაჭერას ისევ გავაგრძელებთ. ძალიან კარგი იყო
მინისტრისგან გზავნილის მოსმენა, რომ საქართველოს მთავარი
მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. ბოლოს, მინდა
აღვნიშნო, რომ შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა თურქეთის
რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ შეხვედრის
დასრულების შემდეგ.